Thursday, November 16, 2006

წუხელ...


ამერია ფიქრები...

მენატრები, ისე როგორც ენატრებათ შორ მოგზაურობაში წასულ მეზღვაურებს მიწის დანახვა... (მგონი ეს ფრაზა ვიღაცას აქვს ნახმარი... არაუშავს, მე უშენობამ ”მიხმარა”...) არადა, თითქოს რა ახლოს ხარ... შენს სითბოს და სუნთქვასაც კი ვგრძნობ, როცა ტელეფონზე გელაპარაკები... თვალი რომ დავხუჭო, ხელსაც კი შეგახებ, მგონია... მიყვარხარ...

ვზივარ ახლა განათებული მონიტორის წინ... ჩემს ირგვლივ ბნელა... მაგრამ მე სულაც არ მბნელა... ან იმ დონეზე მკიდია ოთახში ჩამოწოლილი სიშავე, რომ ვერც ვამჩნევ, როგორ დადიან ზურგს უკან მარტოობის მუქი იასამნისფერი ლანდები... ვერ ვამჩნევ? თუ არ ვიმჩნევ?! ერთია ახლა ეს ორივე... მხარზე ხელის შეხებას ვგძნობ, არ ვიძაბები... შენ ხარ... სიზმრიდან მოსული... ახლა ალბათ დაღლილს გძინავს... ჩემო პატარა... ალბათ ისე ხარ დაღლილი სიზმრის ნახვის თავიც კი არ გაქვს... მაგრამ მაინც მოხვედი ჩემთან... თვალი რომ დამავლო... მარტოობა რომ შემიმსუბუქო...

ჩუმად ვეწევი სიგარეტს... თითქოს არც ვბეჭდავ... ეს ყველაფერი ხომ თავისით მოდის გონებიდან... და მე უბრალოდ შენი სიტყვები მექანიკური ხელის მოძრაობით გადამაქვს ფურცელზე:

- როგორ ხარ?

- ყოფნა - არყოფნა... გამოვიდე შექსპირის ცოდნაზე თავი...

გეღიმება.. ხელებს კისერზე მხვევ და ლოყაზე მკოცნი...

- შენ როგორ ხარ?

- არამიშავს, ცოტა დაღლილი ვარ... რას წერ?

- ჩვენს დიალოგს...

- რისთვის?

- ჰმმ... იმისთვის რომ საუკუნეებს ულამაზესი სიყვარულის ისტორიიდან უწვრილმანესი დეტალებიც არ დაეკარგოს... - მემატიანის მშვიდი და საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული იერით გპასუხობ.

- ტოჟე მნე რამანწიკ... რომეო და ჯულიეტა დაწერა უკვე შექსპირმა... - მკლავებს უფრო მაგრად მიჭერ კისერში...

- გავარტყი რომეოსაც, ჯულიეტასაც და შექსპირსაც... მე პირველ პირში ვკრეფ ბედნიერი სიყვარულის ამბავს... (კლავიატურაზე)... შექსპირივით იაფფასიან ტრაგედიებს კი არ ვჯღაბნი სანთლის შუქით განათებულ ცხიმიან ქაღალდზე, რომლითაც, ვინ იცის, ღორის ქონიანი ტუჩებიც კი შეიწმინდა მწერალმა სადილის შემდეგ, შემდეგ კი გამაძღარი კაცის სიმშვიდით შეუდგა გულჩვილ დიასახლისებზე გათვლილი ზღაპრის შეთხზვას... - ვამთავრებ ჩემს ანტიშექსპირულ გამოსვლას და ვხვდები, რომ ამ წუთას მე მთელი ინგლისური სიამაყე დავასამარე... (ჩემს თვალში მაინც).

- შთამბეჭდავია... ვერაფერს დავამატებ... ნეტა ამ ამბის ორიგინალი მაინც თუ შემხვდება?! - წარბს მაღლა სწევ, საჩვენებელი თითი ქვედა ტუჩთან მიგაქვს და ”შეკერილ” გამომცდელ მზერას ვგრძნობ ზურგიდან...

- ჩემი ხელმოწერაც გინდა? - ვიფერებ ”შედევრის” ავტორობას.

- არა, გმადლობთ... ჩემი ხარ პროლოგიდან ეპილოგამდე... ეპიტაპიების ჩათვლით... ავტოგრაფიანად... არაა ასე თუ?!

- მასეა პატარა, მასე...

შენსკენ ვტრიალდები, გეხვევი და ვცდილობ მკერდით შენი გულის ცემა ვიგრძნო... სხეული სითბოთი მევსება...

- ის დაწერე, რომ მიყვარხარ? - უცებ მაფხიზლებს შენი ხმა...

- კი ეგ ადრე დავწერე, წინა სერიებში...

- აქაც დაწერე... - მსვამ სკამზე და ელოდები, როდის გავაგრძელებ შენი აზრების აკრეფას...

- მიყვარხარ...

- მეც მიყვარხარ...

კმაყოფილი სახე გაქვს...

- არ გეძინება პატარა? გეკითხები და დაღლილ თვალებზე გკოცნი...

- სულელო, მე ხომ მძინავს...

- უი, დამავიწყდა... ისე რეალური ხარ ახლა ჩემს გვერდით რომ...

- ხო რეალური ვარ, იმიტომ რომ გჭირდები... - აი ემ რიელ... ჩვენი საუბრის ტონის გათვალისწინებით შეძლებისდაგვარად ინგლისური აქცენტით მპასუხობ ბოლო სიტყვებს...

ვიტყოდი ახლა, ისე მწყურიხარ, როგორც უდაბნოში მოხეტიალე პილიგრიმს წყალი-თქო, მარა ესეც ვიღაც იდიოტს ექნება ნახმარი და... მე ხომ ისედაც მხმარობს უშენობა...

- დაწექი ახლა, დაიძინე... - საშინლად მზურნველი და თბილია შენი ხმა და შეწინააღმდეგების სურვილს მიქრობს...

- მერე... მერე რა იქნება? ან სად იქნება?

- სიმზარში, ჩემო ცხოვრებავ... სიზმარში... მხოლოდ რამდენიმე საათით და დილით გაღვიძებული ისევ ერთმანეთისთვის ვისუნთქებთ...

- კარგი პატარა, ვწვები... - ძილის წინ თბილად გკოცნი... დილამდე უნდა გამყვეს შენი ტუჩების სითბო... ვიძინებ...

დილით ბებიაჩემი შემოდის ოთახში...

- ისევ ტელეფონზე ჩამოკიდებულმა გაათენე ღამე? - გაღიმებული მეკითხება...

”ავუხსნა? - ვფიქრობ ჩემთვის... არა, არ დამიჯერებს... ”

- ხო... - ვიძლევი ყველასათვის დამაკმაყოფილებელ პასუხს და ძილს ვაგრძელებ, რომ შენს გაღვიძებამდე დარჩენილი რამდენიმე საათი ისევ შენთან ერთად გავატარო - სიზმარში...

No comments yet

This template is modified by Spieler