Thursday, November 16, 2006

წუხელ...


ამერია ფიქრები...

მენატრები, ისე როგორც ენატრებათ შორ მოგზაურობაში წასულ მეზღვაურებს მიწის დანახვა... (მგონი ეს ფრაზა ვიღაცას აქვს ნახმარი... არაუშავს, მე უშენობამ ”მიხმარა”...) არადა, თითქოს რა ახლოს ხარ... შენს სითბოს და სუნთქვასაც კი ვგრძნობ, როცა ტელეფონზე გელაპარაკები... თვალი რომ დავხუჭო, ხელსაც კი შეგახებ, მგონია... მიყვარხარ...

ვზივარ ახლა განათებული მონიტორის წინ... ჩემს ირგვლივ ბნელა... მაგრამ მე სულაც არ მბნელა... ან იმ დონეზე მკიდია ოთახში ჩამოწოლილი სიშავე, რომ ვერც ვამჩნევ, როგორ დადიან ზურგს უკან მარტოობის მუქი იასამნისფერი ლანდები... ვერ ვამჩნევ? თუ არ ვიმჩნევ?! ერთია ახლა ეს ორივე... მხარზე ხელის შეხებას ვგძნობ, არ ვიძაბები... შენ ხარ... სიზმრიდან მოსული... ახლა ალბათ დაღლილს გძინავს... ჩემო პატარა... ალბათ ისე ხარ დაღლილი სიზმრის ნახვის თავიც კი არ გაქვს... მაგრამ მაინც მოხვედი ჩემთან... თვალი რომ დამავლო... მარტოობა რომ შემიმსუბუქო...

ჩუმად ვეწევი სიგარეტს... თითქოს არც ვბეჭდავ... ეს ყველაფერი ხომ თავისით მოდის გონებიდან... და მე უბრალოდ შენი სიტყვები მექანიკური ხელის მოძრაობით გადამაქვს ფურცელზე:

- როგორ ხარ?

- ყოფნა - არყოფნა... გამოვიდე შექსპირის ცოდნაზე თავი...

გეღიმება.. ხელებს კისერზე მხვევ და ლოყაზე მკოცნი...

- შენ როგორ ხარ?

- არამიშავს, ცოტა დაღლილი ვარ... რას წერ?

- ჩვენს დიალოგს...

- რისთვის?

- ჰმმ... იმისთვის რომ საუკუნეებს ულამაზესი სიყვარულის ისტორიიდან უწვრილმანესი დეტალებიც არ დაეკარგოს... - მემატიანის მშვიდი და საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული იერით გპასუხობ.

- ტოჟე მნე რამანწიკ... რომეო და ჯულიეტა დაწერა უკვე შექსპირმა... - მკლავებს უფრო მაგრად მიჭერ კისერში...

- გავარტყი რომეოსაც, ჯულიეტასაც და შექსპირსაც... მე პირველ პირში ვკრეფ ბედნიერი სიყვარულის ამბავს... (კლავიატურაზე)... შექსპირივით იაფფასიან ტრაგედიებს კი არ ვჯღაბნი სანთლის შუქით განათებულ ცხიმიან ქაღალდზე, რომლითაც, ვინ იცის, ღორის ქონიანი ტუჩებიც კი შეიწმინდა მწერალმა სადილის შემდეგ, შემდეგ კი გამაძღარი კაცის სიმშვიდით შეუდგა გულჩვილ დიასახლისებზე გათვლილი ზღაპრის შეთხზვას... - ვამთავრებ ჩემს ანტიშექსპირულ გამოსვლას და ვხვდები, რომ ამ წუთას მე მთელი ინგლისური სიამაყე დავასამარე... (ჩემს თვალში მაინც).

- შთამბეჭდავია... ვერაფერს დავამატებ... ნეტა ამ ამბის ორიგინალი მაინც თუ შემხვდება?! - წარბს მაღლა სწევ, საჩვენებელი თითი ქვედა ტუჩთან მიგაქვს და ”შეკერილ” გამომცდელ მზერას ვგრძნობ ზურგიდან...

- ჩემი ხელმოწერაც გინდა? - ვიფერებ ”შედევრის” ავტორობას.

- არა, გმადლობთ... ჩემი ხარ პროლოგიდან ეპილოგამდე... ეპიტაპიების ჩათვლით... ავტოგრაფიანად... არაა ასე თუ?!

- მასეა პატარა, მასე...

შენსკენ ვტრიალდები, გეხვევი და ვცდილობ მკერდით შენი გულის ცემა ვიგრძნო... სხეული სითბოთი მევსება...

- ის დაწერე, რომ მიყვარხარ? - უცებ მაფხიზლებს შენი ხმა...

- კი ეგ ადრე დავწერე, წინა სერიებში...

- აქაც დაწერე... - მსვამ სკამზე და ელოდები, როდის გავაგრძელებ შენი აზრების აკრეფას...

- მიყვარხარ...

- მეც მიყვარხარ...

კმაყოფილი სახე გაქვს...

- არ გეძინება პატარა? გეკითხები და დაღლილ თვალებზე გკოცნი...

- სულელო, მე ხომ მძინავს...

- უი, დამავიწყდა... ისე რეალური ხარ ახლა ჩემს გვერდით რომ...

- ხო რეალური ვარ, იმიტომ რომ გჭირდები... - აი ემ რიელ... ჩვენი საუბრის ტონის გათვალისწინებით შეძლებისდაგვარად ინგლისური აქცენტით მპასუხობ ბოლო სიტყვებს...

ვიტყოდი ახლა, ისე მწყურიხარ, როგორც უდაბნოში მოხეტიალე პილიგრიმს წყალი-თქო, მარა ესეც ვიღაც იდიოტს ექნება ნახმარი და... მე ხომ ისედაც მხმარობს უშენობა...

- დაწექი ახლა, დაიძინე... - საშინლად მზურნველი და თბილია შენი ხმა და შეწინააღმდეგების სურვილს მიქრობს...

- მერე... მერე რა იქნება? ან სად იქნება?

- სიმზარში, ჩემო ცხოვრებავ... სიზმარში... მხოლოდ რამდენიმე საათით და დილით გაღვიძებული ისევ ერთმანეთისთვის ვისუნთქებთ...

- კარგი პატარა, ვწვები... - ძილის წინ თბილად გკოცნი... დილამდე უნდა გამყვეს შენი ტუჩების სითბო... ვიძინებ...

დილით ბებიაჩემი შემოდის ოთახში...

- ისევ ტელეფონზე ჩამოკიდებულმა გაათენე ღამე? - გაღიმებული მეკითხება...

”ავუხსნა? - ვფიქრობ ჩემთვის... არა, არ დამიჯერებს... ”

- ხო... - ვიძლევი ყველასათვის დამაკმაყოფილებელ პასუხს და ძილს ვაგრძელებ, რომ შენს გაღვიძებამდე დარჩენილი რამდენიმე საათი ისევ შენთან ერთად გავატარო - სიზმარში...

აგონია


ბნელოდა ქუჩებში... მივყვებოდი მოყინულ ტრასას და ვფიქრობდი... საფიქრალი კი საკმაოდ ბევრი მქონდა... ცას შევხედე... ვარსკვლავებით იყო მოჭედილი... ”ამიტომაც ცივა” - ჩემთვის ჩავილაპარაკე და ისევ ასფალტს დავაშტერდი... დუგ-დუგ... სამწამიანი ინტერვალებით ჭედავდა გული... ლამპიონები ბჟუტავდნენ აქაიქ... ქუჩის კუთხეში კი მშიერი ძაღლების წკავწკავი ისმოდა... ალბათ ნაგავში ნაპოვნი პური ვერ გაიყვეს... ძალიან გვანან ქუჩის ძაღლები ადამიანებს... ერთად იზრდებიან, ერთად დარბიან, ერთად ეძებენ საჭმელს და როცა იპოვიან, მერე ერთმანეთს ხოცავენ ხოლმე ერთი ლუკმისთვის, თუნდაც სულ არ შიოდეთ... ჩემს სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ მიხვდი, ირონიულმა ღიმილმა გადამირბინა ტუჩებზე... შემაჟრჟოლა... ”არა, გარეთ ყოფნა ახლა უაზრობაა” - გავიფიქრე და ჩემს გამთბარ ოთახში გადავედი... საწოლზე წამოვწექი... რა კარგი რამეა გონება, საოცარ ნახტომებს აკეთებს ხოლმე... კვლავ გამეღიმა... სიგარეტი მინდა... ადგომა არ დამჭირდება, მე ხომ საწოლთან სულ მიდევს საფერფლე და ერთი კოლოფი ”ქემელი”... ხელი გადავწიე და არც გამიხედავს, ისე ავიღე ჩემთვის საჭირო ნივთები... მოვუკიდე... სიგარეტის კვამლმა გაციებული ფილტვები გამითბო... ერთადერთი რამ მაგონებდა წეღანდელ ბნელ ქუჩას... დუგ... დუგ... სამწამიანი ინტერვალებით ისევ ჭედავდა გული... ოთახს თვალი მოვავლე... დიდი ხანია აქ აღარ ვყოფილვარ... თუმცა არც არაფერი შეცვლილა ირგვლივ... ისევ რუკები და რამდენიმე პლაკატი კედელზე... ჩემი გიტარა კუთხეში და შავი ტელეფონი... ახლა დარეკავს - გავიფიქრე და დამთავრებული არ მქონდა ფიქრი რომ აწკრიალდა კიდეც ზარი... მაპატიე, ახლა ვერ ავიღებ, მე ხომ აქ არ ვარ, ეს ყველაფერი დროებითია... გვერდზე გადავბრუნდი... მარცხენა მხარეს დავწექი, მაგრამ გულმა შემაწუხა და ისევ ვიცვალე გვერდი... ნაცნობი გრძნობა იყო... ტელეფონი არ ჩუმდებოდა... ავდექი ლოგინიდან... ტელეფონის ხაზს მოვკიდე ხელი და გავყევი, გავედი შემოსასვლელში, მერე სადარბაზოში... მერე... და აი, შენი ოთახიც... ბნელა... თვალები ნახევრად დახუჭული გაქვს... ხელში ყურმილი გიჭირავს და ელოდები... სახის გამომეტყველებაზე გეტყობა რომ ცოტას ნერვიულობ... - ამდენხანს რატომ არ იღებს?! ”აქ ვარ” - ვთქვი უეცრად და შენს საწოლზე ჩამოვჯექი...

- უი, მოხვედი? - არ გაგკვირვებია, მარცხენა ხელით თვალები მოისრისე და მათი ოდნავ ფართოდ გახელა სცადე...

- ხო, ამ წუთას შემოვედი... კარი დაგრჩენია ღია... - გაგიღიმე, დავიხარე, შუბლზე გაკოცე, ყურმილი გამოგართვი და დავკიდე...

- მე მეგონა გეძინა... - ნამძინარევი ხმით მითხარი, გეტყობოდა კიდევ ვერ გამორკვეულიყავი სიზმრიდან...

- ხო, მეც მასე მეგონა...

ვიჯექი შენს საწოლზე და გიყურებდი, საოცრად თბილი მზერა გქონდა, გვერდზე გადაწეული თავი, ოდნავ გახსნილი ტუჩები და გახელილი ცალი თვალი... მიყურებდი და მიცინოდი...

- მოდი ჩემთან - თქვი და ხელები ასაყვანად გამზადებული პატარა ბავშვივით გამომიწოდე...

- შენთან ვარ პატარა... - მოგეხვიე... მერე კისერში გაკოცე და სახე შენს თბილ ლოყას მივადე... მესმოდა სუნთქვა... მესმოდა და ვგრძნობდი... ბედნიერიც კი ვიყავი ამ მომენტში...

- სად დადიხარ ამ შუაღამისას? - უცებ მკითხე, ხელები გამიშვი და თვალებში ჩამხედე... ნაუცბათევად ”შეკერე” ეჭვიანი სახე... გეცინებოდა, თან ნამძინარევზე ეს სახე ძალიან საყვარელი იყო...

- სულელო - ხელი ჩამოგისვი სახეზე - არსად... ძმაკაცმა დამირეკა, მანქანით ვარ და სადმე გავიდეთო,. ხოდა უარი ვეღარ ვუთხარი... ვიბოდიალეთ... მერე მომენატრე და შენთან წამოვედი...

- აჰ, აჰ... არ მჯერა, არა, ვერ მომატყუებ ეგეთი ზღაპრებით... - გაასავსავე ხელები... გამიღიმე, მერე ისევ გულში ჩამიკარი და თვალები დახუჭე...

- გეძინება პატარა? - ახლა თმაზე გისვამდი ხელს...

- ხო... - შენ არ დაიძინებ? - საწოლზე ჩაიჩოჩე და ადგილი დამითმე... - დარჩი დღეს ჩემთან... გთხოვ...

- ეჰ, მეც მინდა, მაგრამ ამაღამ ბევრი საქმე მაქვს... უნდა წავიდე...

- ოოო... არ წახვიდე, გთხოვ რა... - ჭირვეული ბავშვივით აბზიკე ცხვირი და თვალები მომაპყრე...

- სხვა დროს დავრჩები... კარგი?! ისევ დავიხარე, ტუჩზე გაკოცე - შენ დაიძინე ახლა...

- ოოო... კარგი, დაგირეკავ, რომ გავიღვიძებ... მიყვარხარ... - მითხარი და თვალები დახუჭე...

- მეც მიყვარხარ, პატარა...

გარეთ ვიყავი, ისევ ქუჩაში... არ მციოდა, შენგან გამოყოლილი სითბო მათბობდა... ისევ ვგრძნობდი შენს შეხებას... ნეტა რომელი საათია... ორია შვილო - მიპასუხა ვიღაც მოხუცმა... ჰმ, ეტყობა ხმამაღლა ვფიქრობ... ორია... ალბათ სახლში ნერვიულობენ...

შესასვლელიდანვე დავინახე დედა, მაგიდასთან იჯდა სამზარეულოში, ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს და ტელეფონს აწვალებდა...

- გირეკავდი, ტელეფონი რატომ გაქვს გათიშული? - სახეზე გაბრაზებულმა იერმა გადაურბინა, მაგრამ ეს იერი უცებ შეცვალა მზრუნველმა ღიმილმა... სად ხარ შვილო?

- ახლა სახლში... - გამეღიმა მეც... - განერვიულე?

- არა, რა მანერვიულე, უბრალოდ ტელეფონი რომ გქონდა გათიშული... - არ უნდოდა მეგრძნო, რომ ნერვიულობდა, მაგრამ როცა სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე ჩაცალა სანაგვეში, მივხვდი, რომ მთლად წყნარად არ გაუტარებია ეს საღამო...

- დედა, ჩაი მინდა... ოღონდ შავი ჩაი გამიკეთე რა... - საფერფლე ჩემსკენ მოვაჩოჩე, სიგარეტს მოვუკიდე, ნაფაზი დავარტყი და სუსტად განათებული ოთახის ერთადერთი სინათლის წყაროს - ნათურისკენ გავუშვი რგოლები...

- ჰა შენი ჩაი - ჩემი ჩაის ჭიქა ლამბაქზე დადო და წინ დამიდგა... - გასკდები, ბიჭო, ამ ჩაის სმით... სულ ჩაი... ჩაი... საჭმელი არ გშია? კარაქიანი პური ხომ არ მოგიტანო, ჰა? - გამომხედა და გაიცინა...

- ხო. დედა, ოღონდ თაფლი არ დაგავიწყდეს ზემოდან... - ვუპასუხე და ცხელი ჩაი მოვსვი... - რა არის ეს, რა ცხელი გაგიგეკეთებია... დივერსიას მიწყობთ ხო, ოჯახში... - ვიხუმრე...

- ცივი ლუდი დევს მაცივარში... გადაური გაგიგრილებს... - დედა მაგიდას მოუჯდა, ახლა ეტყობოდა, რომ წეღანდელ ნერვიულობას სულ გაევლო... - მომაწოდე ერთი სიგარეტი... ისევ ”ქემელს” ეწევი?! ცოტა მსუბუქი მოწიე რამე შვილო... ეს ”ქემელი” სუფთა ”ჩიბუხი ლაითია” რა... - ჩემი კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, მოუკიდა და შემომხედა. - არ გეძინება?

- არა, რა დროს ძილია, ახლა იღვიძებს მთელი საფრანგეთი და სასეირნოდ გადის ქუჩებში... - პოეტურად წარმოვთქვი და ბოლო ყლუპი მოვსვი ჭიქიდან... - გასასვლელი ვარ დედა, დილისკენ მოვალ ალბათ...

- ეჰ, ნეტაი შენ, რომ არ გეზარება ამ შუაღამისას წანწალი... თბილად მაინც ჩაიცვი, არ შეგცივდეს...

- გული მაქვს ცხელი დედა, გული... დავტოვე სახლში ბოლო სიტყვები და კარი გავიხურე...

ისევ ქუჩა... ოთხი მიანც იქნება, - გავაგრძელე წეღანდელი ფიქრი... შენ ახლა ალბათ გძინავს ბავშვური ძილით, ბალიშზე ჩახუტებულს... ისევ სითბო ვიგრძენი... საოცრად მომინდა შენი შეხება, მოფერება... მიყვარხარ - გავიფიქრე გულში და მივხვდი, რომ ეს ის სიტყვა არ იყო, რომელსაც ჩემი გრძნობის გამოხატვა შეეძლო... სიცოცხლეზე მეტად... დავამატე ჩემს ნათქვამს... სიცოცხლე... რაღაც ძალიან მძიმედ ვთქვი ეს სიტყვა... არა, მე უფრო მეტად მიყვარდი...

სიგარეტზე ჩავიყავი ხელი ჯიბეში... ჯანდაბა, სახლში დამრჩა მაგიდაზე... იქვე სადღეღამისო მაღაზია დავინახე, შევედი... ახალგაზრდა გოგონა სკამიდან წამოდგა, გამიღიმა და რაც შეეძლო თავაზიანად მკითხა:

- გნებავთ რამე?

- კი... ერთი კოლოფი ყვითელი ქემელი, ალუბლის ”დიროლი” და ერთი კრიკეტი...

გოგონამ როგორც იქნა შეაგროვა დახლზე ყველაფერი და გამომთვლელ მანქანას ეცა, აშკარად ანგარიშს აპირებდა...

- ოთხი ლარია ზუსტად... - ვიხსენი ტანჯვისგან და ხუთლარიანი გავუწოდე...

გარეთ გამოვედი... სიგარეტს მოვუკიდე... დუგ დუგ... ისევ დაიწყო გულმა ჭედვა სამწამიანი ინტერვალებით... რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და უცებ ვიგრძენი, რაღაც ძალა როგორ მიმათრევდა სადღაც... არა, ეს უკვე გონება აღარაა, ფეხები მოვადუნე და გავყევი... ზედმეტად განათებულ ადგილას მოვხვდი, თვალები მომჭრა სინათლემ და დავხუჭე... მესმოდა უცნობი ხალხის დიალოგი...

- მეორე როგორაა?

- მისი მდგომარეობა სტაბილურია...

- აქ რა გვაქვს? - ვიღაც ხმა სწრაფად სვამდა კითხვებს...

- შინაგანი სისხლდენაა, მგონი ელენთაა გამსკდარი... ღვიძლიც დაზიანებულია...

- სასწრაფოდ საოპერაციოში... - შეწყვიტა დაკითხვა იმ ხმამ და ბრძანებებზე გადავიდა...

ხმაურით წაიღეს რაღაც... მეც დაუფიქრებლად გავყევი... უფრო მეტად განათებულ ოთახში გადავიდნენ... ისვ მოვჭუტე თვალები... დუგ... დუგ... ინტერვალებს ზრდიდა გული... ხალხი ტრიალებდა რაღაცის გარშემო, ბევრნი იყვნენ და იქ რა იყო, ვერ ვარჩევდი... მხოლოდ ის ნაცნობი მბრძანებლური ხმა მესმოდა...

- წნევა ეცემა, ძალიან ბევრი სისხლი დაუკარგავს, ახლა ჯგუფის შემოწმებას ვერ მოვასწრებთ... სასწრაფოდ პირველი ჯგუფის სისხლი მოიტანეთ...

- ახლავე...

ხმები აირია... ”ვკარგავთ”... დუგ... დუგ... უკვე უკვე ვეღარ დავითვალე რამდენი წამი იყო ამ ორ დარტყმას შორის სხვაობა... ”ვკარგავთ”... მესმოდა განწირული ხმა... ასე დაახლოებით ხუთი წუთი კიდევ მესმოდა ეს ღრიანცელი... ვეღარ გავუძელი და გარეთ გამოვარდი...

ნერვიულად მივაბიჯებდი ქუჩებში... მივყვებოდი მოყინულ ტრასას და ვფიქრობდი... საფიქრალი კი საკმაოდ ბევრი მქონდა... ცას შევხედე... ვარსკვლავებით იყო მოჭედილი... ”ამიტომაც ცივა” - ჩემთვის ჩავილაპარაკე და ისევ ასფალტს დავაშტერდი... ნეტა რომელი საათია... ”სამს უკლია თხუთმეტი წუთი შვილო” – ჩამესმა ის ნაცნობი ხმა... ნელნელა გაღიავდა ყველაფერი... თვალები არ გამიხელია... მძარფრი წამლის სუნი მეცა... ხელზე კი ვიღაცის თბილ ხელს ვგრძნობდი... ახლაღა ავწიე დამძიმებული უპეები... შენ დაგინახე... ცრემლიან თვალებში უცნაური ბედნიერება და სიხარული ჩანდა...

- მიყვარხარ...

- მეც მიყვარხარ პატარა... ძალიან ძალიან... სიცოცხლეზე მეტად...

- ჩუ, ნუ ლაპარაკობ... - თითი დამადე ტუჩებზე. - სუსტად ხარ... დამელოდე, გავალ ვეტყვი შენებს, რომ გაიღვიძე...

- მიდი, გაიქეცი...

და მერე მახსოვს ბევრი, ბევრი ცრემლიანი და ბედნიერი თვალები... შენ ისევ ჩემს საწოლზე იჯექი, ჩემს ხელს არ უშვებდი და დროდადრო მიჭერდი ხოლმე...

საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში ამბობდნენ:

”წუხელ ღამის ორ საათზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხევში გადავარდა დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა ”07”... სასწრაფო დახმარებას ამჯერად არ დაუგვიანია... ექიმებმა ავტომობილში მყოფი ორივე პიროვნება გადაარჩინეს... ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია...”

This template is modified by Spieler