Friday, July 07, 2006

გზარჯვარედინი


მარტო იყო... სულ მარტო... თუმცა ირგვლივ ძალიან ბევრი ხალხი ეხვია... მაგრამ ახლა ის დრო იყო, როცა, წესით, ეს ხალხი გადაწყვეტილების მიღებაში ვერ უნდა დახმარებოდნენ... არა, უფრო სწორად, არ უნდა დახმარებოდნენ, რადგან მისი ცხოვრების ალბათ მნიშვნელოვანი საკითხი თვითონ უნდა გადაეწყვიტა... გზაჯვარედინზე იდგა, სადაც ბილიკები იყოფოდა... ეს გზა რომელიც აქამდე ერთად და ერთ მთლიანობად მოდიოდა და აზრი არ ჰქონდა გზის მარცხენა ნაპირზე ივლიდი თუ მარჯვენაზე, ახლა შუაზე იხლიჩებოდა უფრო ვიწრო, პატარა ნაწილებად... წინ გაიხედა... ერთი ბილიკი ხალხით იყო დატვირთული, ათასი ფერის და სიმაღლის ხალხით, ზოგს ყალბი ღიმილი ეკერა სახეზე, ზოგს მშვიდი სევდა, ზოგსაც სახე სულ არ ჰქონდა... ერთიანი კანი გადაჰკვროდათ შუბლიდან ნიკაპამდე და მიუხედავად ამისა მაინც მლიქვნელური იერი აჩნდათ... ახლა მეორე ბილიკს გახედა... წყნარად მიუყვებოდა ვიღაც შარას... ნელი ნაბიჯი, თითქოს სევდანარევი გზის გავლაში გასააზრებლად გაწელილი დრო და ფიქრის მტვერში ამოსვრილი მგზავრი არც ისე სასიამოვნოდ ეჩვენა გოგონას... ისევ ის აურზაური და ყალბი მრავალფეროვნება ამჯობინა, რომელიც პირველ ბილიკზე უხვად იყო... აქ ხომ ყოველთვის ღიმილით ხვდებოდნენ, მან კი ჯერ არ იცოდა ნამდვილი განცდების კითხვა თვალებში... პატარა იყო...
დრო გავიდა... გოგონა გაიზარდა... ხალხის გარჩევაც ისწავლა და მობეზრდა ეს ჭრელი და მოსაწყენი მრავალფეროვნება... ის მგზავრი გაახსენდა მეორე ბილიკს რომ მიუყვებოდა მარტო... უკან დაბრუნდა, იქ სადაც გზაჯვარედინი იყო... იქ სადაც თავის თავს და გრძნობას გადაუხვია... მაგრამ ვეღარც ეული პილიგრიმი იპოვა და ვეღარც ის გზა, რომელსაც ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა თბილი სევდით სავსე ადამიანი... მისი ნაკვალევი დროის ქარებს წაეშალათ... ატირდა გოგონა...
უცებ გაეღვიძა... ჩასძინებია... შვება იგრძნო, თითქოს ის უჰაერობა გამქრალიყო რომელსაც ცოტა ხნის წინ ტირილისას გრძნობდა... თავისუფლად ამოისუნთქა და თვალი გაახილა... შეცბა... გზაჯვარედინზე იდგა...

No comments yet

This template is modified by Spieler