Saturday, May 27, 2006

19.05.06 - დილის 7 საათი...




სიგარეტის კვამლი უკვე ნისლივით დგას ოთახში და ხილვადობა საგრძნობლად არის შემცირებული... კარგად ვარ... თუნდაც იმიტომ, რომ ვიცი, დღესაც მოგენატრები გუშინდელივით... დღესაც დაგაკლდები... დღესაც იფიქრებ ჩემზე...

სასიამოვნო გრძნობაა, როცა ვიღაცას შენი არსებობა ჭირდება... შენი სუნთქვა ვიღაცისთვის საკუთარივით თუ არა, ცოტათი მაინც ძვირფასია... მომწონს ეს ყოფა... არსად აღარ ვაპირებ წასვლას და ხეტიალს... აღარ მინდა მდინარის პირას, სიბნელეში ჯდომა... ვიღაცის ყრუ ხმის ლოდინი... შენ ასე რეალური და ხელშესახები ხარ ჩემს გვერდით, რომ ოცნებას ვანებებ თავს...

ოცნება...

საწერი მაგიდის უჯრებში ვიქექები, ჩემს ძველ ნაწერს ვეძებ ოცნებაზე, მაგრამ მალევე ვხვდები რომ არ მჭირდება ის გაყვითლებული ფურცლები...

თითქოს ბედნიერიც კი ვარ,,,

ბავშვობასავით შორს არიან ჩემგან ის ბნელი დღეები, როცა სიკვდილზე ვფიქრობდი... ახლა სულ სხვა რამე მაღელვებს... ის, თუ როგორი ამინდი იქნება ხვალ... არადა დიდი ხანია ასეთი კითხვა აღად დამისვამს ბუნებისთვის... იწვიმებს?! ოღონდ სიცივე ნუ იქნება...

ისევ სიგარეტი მინდა... მოვუკიდე... კვამლი გამოვუშვი... დამახველა... სიცხე თუ მაქვს ნეტა? ალბათ აღარ...

მაგიდაზე დადებულ მობილურს შევხედე... გამეღიმა... მერე ოთახს მოვავლე თვალი... დაძველებული პლაკატები მე მიყურებენ კედლებიდან... ”რა გინდა?” - შევეკითხე სლეშს... ”შენი კარგად ყოფნა!” - ისეთი თვალები აქვს, ალბათ ამას მიპასუხებდა რომ შეეძლოს ლაპარაკი...

დაღლილი ვარ... მთელი ღამე არ მძინებია... წარსულს ვებრძოდი და დავამარცხე... ხო მართლა წუხელ ისევ ვირეპეტიციე აბაზანაში... იმიტომ რომ იქ კარგი აკუსტიკაა... ღამის სამ საათზე ალბათ რომელიმე ჩემი მეზობელი გამოაღვიძა კიდეც ჩემმა სიმღერამ... მაგრამ ამოსვლით ვერ ამოვიდოდნენ, ოთხი წლის წინ ”გავარკვიე” მათთან ეს საკითხი...

კარგად ვარ... შეიძლება ითქვას, ძალიან კარგადაც...

ალბათ გძინავს... ალბათ კი არა ნორმალურ ადამიანს უნდა ეძინოს ამ დროს, თუ ახალი გაღვიძებული არ არის... ეჰ, მე რატომ არ მეხება არასდროს ნორმალურ ადამინებზე შექმნილი წარმოდგენები... მეცინება...

ჩემს აკვანზე ნაკიდები თილისმა ქანაობს კედელზე... სიჩუმეა ოთახში... და დიდი წარწერა კედელზე: ”ნოუ სმოუქინგ!”... არ ვიცი, აქ გაკრული ეს ტრანსპარანტი საკუთარი თავის დაცინვა უფროა, თუ იმათი ვისაც უნდა რომ სიგარეტს თავი დავანებო, მაგრამ პირადად მე მხიბლავს ეს წარწერა...

დავიძინო? საკუთარ თავს ვეკითხები და ვიცი, რომ პასუხს ვერ მივიღებ... იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ არ გადამიწყვეტია ჯერ დაწოლა...

ალბათ მაინც დავწვები...

არ მიყვარს ლაპარაკი, რას ვგრძნობ... თითქმის არასდროს გამოვთქვავ ამას... ხოდა ნუ გეწყინება, თუ ხშირად არ გეტყვი ამას...

იცი, მენატრები?! ძაან შეგეჩვიე...

კარგად ვარ... ძალიან ძალიან კარგად...

და ახლა ნამდვილად ღირს დაძინება...

No comments yet

This template is modified by Spieler