Monday, December 12, 2005

ლექსები... ძველებიც... ახლებიც...



ეს ლექსები ერთი ადამიანისთვის დავდე, რომელიც ახლა შორსაა და მხოლოდ ტელეფონის საშულაებით ვეკონტაქტები უკვე მეხუთე წელია :(

მე წეროს არ მოვუყვანივარ... დედამ გამაჩინა... მომენატრე დედა, ძალიან... ძალიან მიყვარხარ და გკოცნი ძალიან ბევრს...


ეს ის ლექსებია, რომელიც ჯერ არ წაგიკითხავს :)

ყურადღესბას ნუ მიაქცევ ჩემს გაბრაზებულ ტონს ამ ლექსების დასაწყისში, იმიტომ რომ ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მთელ მსოფლიოში და შენ იცი რატომაც :)




1. (უსათაურო)


შემომათენდა, გაიბზარა ცა კიდევ ერთხელ...
ხელში შევიმტვრევ ამ ნაღვლიან ჩალისფერ მთვარეს...
შემოვარიგებ სევდანარევ ოცნების ერთ ხელს
და ამ ცხოვრებას ვალეტების დავუსვამ კარეს...

დღეს გადავიხდი ყველას ვალს და დაგტოვებთ მერე,
ჩემზე გამწყრალი ბედისწერა აქ არ მასვენებს,
ცეცხლს მივცემ ერთად, რაც ოდესმე ლექსი დავწერე,
ყველაფერს დავწვავ, რაც ჩემს ირგვლივ შენს თავს მახსენებს...

ჯოჯოხეთს მივალ და ბნელეთის მგოსანი ვხდები,
რა ვქნა, არ შემხვდა მე შენს გულში მცირე ადგილი,
და ახლა მტკვივა, ახლა ვფიქრობ, ახლაღა ვხვდები,
უშენოდ ყოფნა არ ყოფილა თურმე ადვილი...

მაგრამ ცრემლის ღვრა არ მჩვევია, გვიანიც არი,
ვენებგადახსნილს ჩამესმება გოდება დედის,
სასაფლაოზე იქვითინებს საბრალოდ ქარი
და ჩემი ლექსი აჟღერდება სიმღერად გედის...

შემომათენდა, გაიბზარა ცა კიდევ ერთხელ...
სხივი მოსტაცა დღემ ჩალისფერ მოწყენილ მთვარეს,
შემოვარიგებ სევდანარევ ოცნების ერთ ხელს...
სიკვდილს სახეზე ავაფარებ ტუზების კარეს...




2.
კიდევ ერთხელ


კიდევ ერთხელ შემიყვარდა ქალი...
კვლავ გავხდები მონა ლამაზ ფიქრის...
ჩამოვჯდები მის ფანჯრებთან მთვრალი...
დღეები კი ძველებურად მიჰქრის...

თითქოს ყელში გავეჩხირე ღამეს...
უცნაურად მათენდება თავზე...
თუკი შევხვდი, ალბათ მეტყვის რამეს...
აღელვება შეეტყობა ხმაზე...

ყინვასავით გამაჟრჟოლებს ტანში...
ნაცნობ ფრაზას კვლავ გავიგებ ალბათ...
და უარი თუ მივიღე მაშინ...
შხამით სავსეს თასს გამოვცლი ხარბად...

და მოვკვდები მერამდენედ ნეტა?..
ბედო გრძნობებს ძაღლებივით მისევ...
გავს ცხოვრება გაფუჭებულ ლენტას...
ჩაიხვია... მერამდენედ... ისევ...



3. სალიას...
ამ ლექსის პირველი სტრიქონი
უკვე მეათასედ წავშალე,
სიმღერა მინდოდა ძალიან,

ოცნების აფრები გავშალე.

არ ვიცი რა ფერის დაგხატო,
პალიტრა შემაშრა ხელებში,

მაინც ვერ მოვძებნე შენფერი,
სამყაროს უამრავ ფერებში...

ღმერთმა გაგაჩინა მიწაზე,
ღვთიური მოგმადლა თვალები,
თუმცა არ იფიქრა იმაზე,

შურით გასკდებოდნენ ქალები...

გიპოვე, სადაც არ გელოდი,
შენამდე მომიძღვა ოცნება,

სანთლად დაგენთები უკუნში,
ტუჩზე დაგადნები კოცნებად...

შენფერი ვერ ვნახე ვერავინ,
თუმც ირგვლივ ათასი ფერია,
ცხადში შენა ხარ და სიზმარშიც
ჩემი სიყვარულის ფერია...




4. ისევ სალიას...

ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,

ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი სილამაზის საზომი,

ჩემი ოცნებების წონა.

ჩემი მოელარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა,
ჩემი სიხარულის საბაბი,

ჩემი ღამეული ბოდვა.

ჩემი უსახელო ლექსი ხარ,

ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...

ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია,

ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია...

ჩემი სალია...



5. ”ჩვენ”

"ჩვენ" გავიმარჯვებთ ბედთან ჭიდილში,
"ჩვენ" ვიტყვით სათქმელს და არ შევკრთებით,
"ჩევნ" გავფრინდებით ილუზიებში
რეალობისგან დამწვარი ფრთებით.

"ჩვენ" გავიტაცებთ ყვავილთა სუნთქვას...
თქვენს სიყარულში თუმც გავღორდებით...
"ჩვენ" არ მოვკვდებით იცოდეთ, მაგრამ
"ჩვენ" არც არასდროს განვმეორდებით!



6. ჩ ვ ე ნ (დააკვირდი პირველ ასოებს)

უმად დავუცდი უფლის ნიშანს განთიადისას,
ისთვის ვიცხოვრო? - მებადება კითხვა ჩვეული...
რთხელ კიდევ ვცდი გაღიმებას და მერე ალბათ
იავს გავყვები უბედობით გზააბნეული...

ილიმის ტუჩთან პირს მივიტან თვალგანაბული...
იცი, რომ დღესაც არ გავიღებ სიცოცხლის ქირას...
ს მერამდენედ დამიმუნჯდა სულში ბულბული,
ავს ველოდები გულგატეხილი სტიქსის ნაპირას...





7. ერთად...

ჩუმად! - მეძახოდა ყოფა...
ჩუმად! - მაფრთხილებდა ბედი...
ჩუმად მიყვებოდა ამბებს,
ჩემი მშვენიერი ლედი...

ჩუმად მოვიპარე გრძნობა,
ახლად გაცნობილი ქალის,
ჩუმად მიმატოვა მერე,
მისი სიყვარულით მთვრალი...

ჩუმად დავდიოდი გარეთ,
არვინ შემხვედროდა, მსურდა...
ჩუმად გამოწვდილი ხელი...
ჩუმად ჩაგდებული ხურდა...

ახლა ვერ ვიქნები ჩუმად,
ერთად დავამარცხოთ მტერი,
იქნებ გამოვგლიჯოთ ერთად,
ბნელი სიჩუმიდან ერი...

სისხლი არ დავზოგოთ ხალხნო,
მოძმეს ამოვუდგეთ მხარში,
ერთად ავიტანოთ ყინვა,
ერთურთს დავეფაროთ ქარში...

აღარ დაგვჭირდება მერე,
ჩუმად სიყვარულზე გლოვა,
ღმერთის სიყვარულთან ერთად,
ჩვენი სიყვარულიც მოვა...


8. მე...

მე არ ვარ წყალი
კალაპოტში წყნარად მავალი...
არც ტბა დამდგარი,დუნე,
ჭაობს მიმსგავსებული...
ერთი კაცი ვარ,
ვისთვის ძმა და ვისთვის მავანი,
ვისთვის სენი და
ვისთვის გული აჩქარებული...

ხანაც მარტო ვარ
მახვევია ხან ირგვლივ ბევრი,
ზოგისთვის ვკვდები,
ზოგისთვის ვიწვი,
ზოგისთვის ვმღერი,

ხან მაღალი ვარ, ხან დაბალი
ხანაც სულ არ ვარ...
ხან სატანა ვარ,
ხან კი მასთან მებრძოლ ბერს ვგავარ...

ხან მიხარია,
ხან სამყარო თავზე მექცევა,
როცა მასთან ვარ
ბედიც ვერსად ვერ გამექცევა...

ხან ობობა ვარ,
ხან გაბმული მის ქსელში მწერი,
ხან უნიჭო ვარ,
ხანაც კარგი ლექსის დამწერი...

სულ ეს ვარ, რაც ვარ...
მე მიწაში არ მაქვს ფესვები...
და ჩემი რწმენა სიყვარულია,
და ნაწერი
მისთვის ლექსები...


ერთი ლექსი მაქვს კიდევ და იმას აქ არ დავდებ, შენთვის მაქვს მარტო...

ქრონოლოგია არაა დაცული... :)

No comments yet

This template is modified by Spieler